ENERGYINVEST-მა მეთანოლის წარმოების დაწყება გადაიფიქრა
როგორც სარკეს სს EnergyInvest-ში განუცხადეს, მეთანოლის წარმოების პროექტზე მუშაობის შეჩერება მსოფლიო ფინანსური კრიზისითა და ამავე დროს საქართველოში აგვისტოს თვეში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. ამ ეტაპზე კომპანიაში ვერ დაასახელეს, ამ პროექტზე მუშაობა, იქნება თუ არა გათვალისწინებული კომპანიის მომავალი წლის გეგმებში. მიმდინარე წლის აპრილის თვეში EnergyInvest-ის გენერალური დირექტორი გენო მალაზონია აცხადებდა, რომ რუსთავში კომპანიის საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი ამიაკის საამქროს ბაზაზე მეთანოლის წარმოების დაწყების პროექტი იხილებოდა. წარმოების აწყობა 1-1.5 წელში იგეგმებოდა, რაშიც სავარაუდოდ $50 მილიონის ინვესტირება იგეგმება. ქარხნის წლიური წარმადობა 400,000 ტ მეთანოლი უნდა ყოფილიყო, რომელიც 100%-ით გავიდოდა ექსპორტზე. ცნობისათვის, EnergyInvest-ი, რომელიც დაფუძნდა 2004 წელს, რუსთავის აზოტის ქარხნისა და გარდაბანში აირტურბინების მფლობელია. სულ კომპანიის მიერ განხორციელებულია $100 მილიონის ინვესტიცია. ”სარკე”
|