PRIVATEBANK-მა ქართული ბანკის განვითარებაში $225 მილიონის ინვესტირება განახორციელა
უკრაინული PrivateBank-ის მიერ, TaoPrivatBank-ის საკონტროლო წილის შესყიდვის შემდეგ, ქართული ბანკის განვითარებაში $225 მილიონის ინვესტირება განხორციელდა, განუცხადეს სარკეს TaoPrivatBank-ში. შეგახსენებთ, რომ უკრაინული ბანკი ქართული ტაობანკის (შემდგომში TaoPrivatBank) 75%-ის მფლობელი 2007 წლის პირველ ნახევარში გახდა. ამჟამად TaoPrivatBank-ის ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 62-ს შეადგენს, მაშინ როდესაც უკრაინულ ინვესტიციამდე თბილისში მხოლოდ ერთი სერვის-ცენტრი მოქმედებდა, აცხადებენ ბანკში. გუშინ ბანკის ახალი, რიგით მე-4 სერვის-ცენტრი გაიხსნა ქუთაისში. წლის ბოლომდე ფილიალების და სერვის-ცენტრების რიცხვი 73-ს მიაღწევს. 2008 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, TaoPrivatBank -მა 8.07 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1.01 მილიონი ლარი იყო. ბანკის მთლიანი აქტივები საანგარიშო პერიოდში 274.96 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლის დასაწყისიდან 94.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო მთლიანი ვალდებულებები - 226.6 მილიონ ლარს შეადგენს, ანუ 2.7-ჯერ არის გაზრდილი. ბანკის აქციონერთა სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: PrivateBank – 75%, AQ Zurifin AG – 23.78%, შპს Coca-Cola Bottlers Georgia - 1.02%. ”სარკე”
|